ირაკლი კობახიძე - ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის
ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად სტატუს კვო არ შეცვლილა.
„როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც. ანუ სტატუს კვო შენარჩუნდა. არსებითად, ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის. დოკუმენტში პირდაპირ აისახა დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებით დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ნატო-ს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, შენარჩუნებულია სტატუს კვო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ოპოზიციონერთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ეს არის რეგრესი, კობახიძემ აღნიშნა:
„ეს, უბრალოდ, ტყუილია, ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ბუქარესტის სამიტზე რაც იყო, დაახლოებით იგივე სტატუს კვო არის შენარჩუნებული და იგივე ეხება უკრაინასაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სტატუს კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. შესაბამისად, წინსვლაზე ჩვენ არ გვაქვს საუბარი.
საინტერესოა, რომ მაკფოლმა, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ რადიოს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ერთადერთი, გასარკვევი დარჩა – როგორ და როდის. ეს არის დამოკიდებულება, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რეალურად, დამოკიდებულება ასეთია: დარჩა სტატუს კვო და სტატუს კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.