ირაკლი კობახიძე - დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას, ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებაზე, ეს არის ევროპული სტანდარტი
დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც, კეთილი უნდა ინებონ და, გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნისთვის არასასარგებლო საქმიანობასთან, დანარჩენში საზოგადოებამ უნდა ჩაიხედოს. მაგალითად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. ან რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას? ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიას“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, და საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმაზე, მაგალითად, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და რისთვის, „დროას“ ან „ფრანკლინის კლუბს“ ვინ აფინანსებს და რისთვის და ა.შ. გასაგებია, რომ ეს გამჭვირვალობა დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა ეს დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც, კეთილი უნდა ინებონ და, უნდა გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით, სამწუხაროდ, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ეს მინიმალური სტანდარტი ევროკავშირს მოსდგამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, რასაც გვეუბნებიან კუბილიუსი, შაჰინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.