ირაკლი კობახიძე - ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა, ამდენი ხანი რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა პავილიონისმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი.
„ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის, რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხომ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.