ირაკლი კობახიძე ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 24-28 მარტს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ასამბლეის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასამბლეას სიტყვით მიმართავს და ამ გამოწვევაზე ისაუბრებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში შეხვედრებს გამართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან გაბრიელა კუევას ბარონთან და გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგონგთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.
ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 800-მდე კანონმდებელი, მათ შორის 65 სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.