ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში მასშტაბური ცვლილებები შევა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ძირითადი განსახილველი საკითხი საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი მზად არის, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები წლის ბოლომდე ასახოს.
„დღევანდელი შეხვედრით შესაბამისი დისკუსიები დაიწყო და ჩვენ წლის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას შევძლებთ, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციებშია. ყველა მათგანი დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ. არის რეკომენდაციები, რომლებიც თავისუფალი არჩევნების პრინციპს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად განიხილება, პერიმეტრის საკითხია. შეიძლება რადიუსი დაწესდეს, სადაც დაუშვებელია აგიტატორებისა თუ სხვა მხარდამჭერების დიდი ხნით ყოფნა, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი არჩევნების პრინციპის უკეთეს რეალიზებას. ასევე, საუბარი იყო სხვა ტიპის ცვლილებებზე, როგორიცაა ე.წ. სიჩუმის დღის შემოღება, რაც გულისხმობს, რომ არჩევნების დღეს დაუშვებელია აგიტაციის წარმოება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განხორციელებული პარტიების დაფინანსებასთან და უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები აისახება როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.