ირაკლი კობახიძე - გახსოვთ დიალოგის ერთ-ერთის მონაწილის მიერ გამოტანილი ამბავი, როცა პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ მათი მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნა არის რუსული თამაში
ერთადერთი, ვისაც აწყობს არეულობა და სტაგნაცია, რასაც ხელოვნურად ცდილობენ ეს პოლიტიკური პარტიები, არის რუსეთი. გახსოვთ, დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა ამბავი, რომ პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ მათი მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნა არის რუსული თამაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ ისინი ძალიან ღიზიანდებიან, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულად აფასებენ.
„ეს აჩვენებს, რომ ისინი ძალიან ღიზიანდებიან ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, განსაკუთრებით კი მასზე, რომელიც აცხადებს ამ არჩევნებს თავისუფლად, სამართლიანად და კონკურენტულად. ეს მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ, რატომ?! იმიტომ, რომ მთელი ეს დიალოგი დაიწყო სწორედ იმ ყალბი მტკიცებით, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. ამ დროს თვითონ გაგვიყალბეს „პივიტი“ და რვაპროცენტიანი მაჩვენებელი, გაგვიყალბეს სტატისტიკა, აბსოლუტურად არასწორი სტატისტიკა წარუდგინეს საზოგადოებას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ღიზიანდებიან. მეორე, ეს მეტყველებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე დასავლური ინსტიტუტების, ევროპის, აშშ-ის მიმართ. გახსოვთ, უახლოეს წარსულშიც უამრავი განცხადება, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებაც გახსოვთ, გახსოვთ, რას ამბობდნენ თავის დროზე ნათელაშვილი, ბურჯანაძე. ბურჯანაძე ყველაზე გულწრფელი აღმოჩნდა მათ შორის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება. ეს არის კულმინაცია იმ რიტორიკისა, რომელსაც მთლიანად ეს ოპოზიცია აწარმოებს, ბურჯანაძეც ხომ მათი ნაწილია, მათ ოფისში ზის. თქვენ გახსოვთ, ამ დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა ეს ამბავი, პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ მათი მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნა არის ბუნებრივია რუსული თამაში. ერთადერთი, ვისაც აწყობს არეულობა და სტაგნაცია, რასაც ხელოვნურად ცდილობენ ეს პოლიტიკური პარტიები, არის ბუნებრივია რუსეთი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია უკვე ღიად თამაშობს რუსულ თამაშს და ამიტომ არის, რომ აღარ ერიდებიან პირდაპირ ანტიდასავლურ რიტორიკას.
„ასევე შეგახსენებთ, რომ ისინი მუდმივად იღებენ მაშველ რგოლებს, როცა განსაკუთრებით გაუჭირდებათ. გახსოვთ, გავრილოვის, ნარიშკინის და რუსეთის კონკრეტული აგენტის განცხადებები. საუბარი მაქვს ჩანაწერთან დაკავშირებით. ანუ სამივემ, რუსმა პოლიტიკოსმა და აგენტმა გადმოუგდო მაშველი რგოლი „ნაციონალურ მოძრაობა“ს და მის სატელიტ პარტიებს, როგორც კი ეს მათ დასჭირდათ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც სიმართლეს აჩვენებ, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით. ეს იგივეა ვთქვათ, რომ ბორელის განცხადება დააზიანებს მოლაპარაკებებს. გააშიშვლა ბორელმაც სიმართლე, რომ ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში ყალბად ამტკიცებდა არჩევნების გაყალბებას, დააზიანებს ეს დიალოგს? რა თქმა უნდა არ დააზიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე: „ნათელაშვილის გუშინდელი განცხადება იყო თუ არა მოლაპარაკების მაგიდის აყირავების მცდელობა და როგორი იყო მედიატორების რეაქცია“, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს მთლიანად ოპოზიციის დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორების და დიალოგის პროცესის მიმართ.
„ბევრი სხვა რეაქციაც იყო, მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ გამოგვაქვს დეტალები შიგნიდან, დეტალებზე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მთლიანად ოპოზიციის დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორების და დიალოგის პროცესის მიმართ, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ასეთ რაღაცებს. სამწუხაროდ, ეს არის ოპოზიციის ნება. რა თქმა უნდა, ეს იყო დესტრუქციის კიდევ ერთი გამოხატვა“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მიმართა, რომ რასაც აკეთებენ, ეს არის რუსულ ინტერესებში.
„დანიელსონთან ჩვენი შეხვედრა დაიწყო იმით, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში. ანუ, რომელიმე მხარე კი არ ხართ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ის ბრძოლა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, თქვენი ეს საქციელი, არის რუსეთის ინტერესებში“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.