ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში
ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში

დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ჩვენი ბოლო მაჩვენებელი არის 50%-ზე მეტი. ეს არ არის შიდა კვლევა, პარტიაში კი არ ვატარებთ. ეს არის კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევა და 50%-ზე მეტია მაჩვენებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მონაცემები არ ემთხვევა NDI-ისა და IRI-ის კვლევის შედეგებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგები არასდროს არ გამართლებულა.

„როდის გამართლებულა NDI-ის და IRI-ის შედეგები და ჩვენი როდის არ გამართლებულა?“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ ამდენი და ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და არავინ იცის, ეს ხმები სად წავა.

„როცა ვიღაც სპეკულირებს იმაზე, რომ ვიღაც არ ამბობს თავის არჩევანს და ა.შ., ეს უბრალოდ, სასაცილოა. ისეთ ადამიანებს ატყუებენ, ვინც ვერ ერკვევა სოციოლოგიაში, თორემ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევის დაჯამება შეიძლება 100%-ზე. შენ რომ კვლევას ატარებ და, მაგალითად, 50% გპასუხობს, ვის აძლევს ხმას, შენ ამის საფუძველზეც შეგიძლია, დაადგინო, როგორ გადანაწილდება 100%-ის ფარგლებში შედეგები პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს სასაცილო რაღაცაა, როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ ამდენია გადაუწყვეტელი და სად წავა, არავინ არ იცის. ნებისმიერი სოციოლოგი დაგვეთანხმება, რომ ეს არის სასაცილო“, – განაცხადა კობახიძემ.