ირაკლი კობახიძე - დღევანდელი დღე შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლობას უნდა გაუფრთხილდეს
დღევანდელი დღე შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლობას უნდა გაუფრთხილდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენ დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ხანდახან ისე არ ვუფრთხილდებით ხოლმე, როგორც ეს არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.