ირაკლი კობახიძე - დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელმაც დაადასტურა, რომ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა.
მისივე თქმით, დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის განავლობაში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება.
„ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ასევე, კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიალოგის მონაწილე სხვა ელჩებს.
„მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.
„ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.
დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია.
შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიფინგის დასასრულს, მან „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.