ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება დაცვა, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც
დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და, სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
კობახიძის თქმით, როდესაც ერთად დგას ერი და ბერი, იქ ქართველებს და სარწმუნოებას ვერავინ დაამარცხებს.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ დედა ეკლესიას. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასესა და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა. მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე, სწორედ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც გვიფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა.
როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და, სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც. თუმცა როდესაც ერთად დგას ერი და ბერი, იქ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.