ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ჰიმნი სხდომათა დარბაზში, რითაც ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ყოველთვის ემსახურებოდნენ და დღემდე ემსახურებიან რუსულ საქმეს
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ჰიმნი სხდომათა დარბაზში, რითაც ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ყოველთვის ემსახურებოდნენ და დღემდე ემსახურებიან რუსულ საქმეს

დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც კიდევ ერთხელ გვიწევს საუბარი პარტიულ საკითხებზე და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს ხელი მოწერილი მიშელის დოკუმენტზე. ამას რომ გამართლება არ აქვს, ცალსახაა, მაგრამ ახსნა თუ აქვს, ეს მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს შესაბამისი ოპოზიციური პარტიებიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცვხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებას, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, გამართლება არ აქვს.

„ამას აქვს ერთადერთი ახსნა – ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ისინი პატივს არ სცემენ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს. იგივე ეხება რა თქმა უნდა კარვების საკითხს. დღემდე არის გაშლილი კარვები პარლამენტის შენობის წინ. მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, კარვები აქვთ გაშლილი, გამართლება ბუნებრივია არც ერთს აქვს და არც მეორეს. ახსნა თუ აქვს, ეს მინდა ვიკითხო და ამაზე მივიღო ძალიან მარტივად პასუხი. რა არის ამის ახსნა – ამ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ვფიქრობ, საზოგადოებამ დაინახა ძალიან მკაფიო კონტრასტი საპარლამენტო უმრავლესობასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მინდა გავმიჯნო ოპოზიციის ორი ნაწილი და მადლობა ღმერთს, რომ ეს ორი ნაწილი მკაფიოდ არის უკვე ერთმანეთისგან გამიჯნული. ეს არის რადიკალური ფრთა, თავისი რადიკალური ნაბიჯებით და თავისი დესტრუქციით და არის კონსტრუქციული ფრთა, რომელიც არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ რუსეთის ჰიმნის გაჟღერებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება რადიკალურ ფრთას, აქ ძალიან თვალსაჩინოა კონტრასტი, რომელიც არსებობს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის ამ ნაწილს შორის. ამ კონტრასტს აქვს სხვადასხვა განზომილება, ეს არის ინტელექტუალური, ეთიკური, ღირებულებითი განზომილებები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე რამ, ეს იყო რუსეთის ჰიმნი ამ სხდომათა დარბაზში, რითაც დაამტკიცეს ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ის, რომ ისინი ყოველთვის ემსახურებოდნენ და დღემდე ემსახურებიან რუსულ საქმეს. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქალბატონმა ნონა მამულაშვილმა, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე და ეს არის საინტერესო დეტალი. ის იყო წარმოდგენილი, როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ახალი სახე არჩევნების შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ის დეპუტატი ყოფილა. შეიძლება თქვენმა ფორმალურმა თავმჯდომარემ ეს არ იცოდა, მაგრამ თქვენ ხომ იცოდით ქალბატონო?! თქვენ ჩააბარეთ ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას, შემდეგ თქვენ მოაწერეთ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რითაც ოკუპაცია გაუფორმეთ რუსეთის ფედერაციას და ეს იყო მოღალატეობრივი ნაბიჯი. ეს არის თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დღემდე თქვენ დარბიხართ ნატო-სა და ევროკავშირის დერეფნებში და ეუბნებით იმ ხალხს, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს არც ევროკავშირში და არც ნატო-ში. ეს არის რუსული საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო.