ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან – ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან გამართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელ პირებთან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და დიალოგის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, იმ მიმართულებებისა, რომლებიც ორ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოს პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველო სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით. გასული წლის განმავლობაში არსებული ძალიან მაღალი დინამიკა უნდა გაგრძელდეს. გასულ წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა, რომლებიც უნდა გამყარდეს 2018 წელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, მისი შეხვედრები როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დიდად შეუწყობს ხელს ამ დიალოგის გაღრმავებას და გაძლიერებას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.