ირაკლი კობახიძე - დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შოკირებული ვარ, რადგან კუბილიუსსა და ჰარცელს ბევრად უარესი გაუკეთებიათ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადება სკანდალურია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დევიდ ლის განცხადება არ გაკვირვებია, რადგან „ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ, როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს“.
„დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებით ვარ შოკირებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ, როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს, შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რაც ამ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა ზეწოლის საფუძველზე დატოვა.
„ანდრიუს კუბილიუსმა დაწერა წერილი, რომელშიც ევროკავშირის ყოფილ ელჩს უთხრა, არ იმუშაოს საქართველოში ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში მიმდინარე წლის აპრილში და მითხრა, რომ ჩვენთან აღარ იმუშავებდა, თუ მე აღმასრულებელ ხელმძღვანელად დავრჩებოდი. მე გადავდექი. ეს ზეწოლა არასწორია“, – აღნიშნა დევიდ ლიმ.