ირაკლი კობახიძე - დესტრუქციის მცდელობა იყო არაერთ უბანზე, იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებები პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან
როდესაც ძალადობაზეა საუბარი, 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები იყო, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს.
მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები „უკანგადადგმული ნაბიჯი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი დესტრუქცია იყო“.
„დესტრუქციის მცდელობა იყო არაერთ უბანზე და იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებები პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს და მთლიანად საარჩევნო კამპანიას, ყველამ დაინახა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველას შეეძლო თავისუფალ რეჟიმში საზოგადოებისთვის საკუთარი გზავნილების მიწოდება. იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი გარემო. ეს გარემო უკვე შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, შეგახსენებთ, მაგალითად, როდესაც ძალადობაზეა საუბარი, 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები იყო. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, უამრავი პროვოკაცია იყო, მაგრამ რეაქციებს დააკვირდით, რეაქციები ჩვენი აქტივისტების მხრიდან იყო მინიმალური. ანუ, თუ ძალადობაზეა საუბარი, უკანგადადგმული ნაბიჯი იყო ოპოზიციის პროვოკაციები, მაგრამ ჩვენი აქცივისტების რეაქციებს რაც შეეხება, ამ მხრივ ჩვენ გვქონდა ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება, აქ არანაირი სხვაობა წინა და გუშინდელ არჩევნებს შორის არ იყო. მთლიანობაში ძალიან კარგად იცით, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩეევნები არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი“, – განაცხადა კობახიძემ.