ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის ნაცვლად, საუბარი უნდა იყოს დერადიკალიზაციაზე და, ბუნებრივია, ერთადერთი ადრესატია ოპოზიცია
ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი, რაც ოპოზიციას ახასიათებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დეპოლარიზაცია ის საკითხია, რომელიც ცალმხრივად ვერ შესრულდება.
„დეპოლარიზაცია იმას გულისხმობს, რომ არის რადიკალური დაპირისპირება ორ სუბიექტს შორის, ორ მხარეს შორის და, რა თქმა უნდა, ეს ასეა. როდესაც საუბარია ორ მხარეს შორის დაპირისპირებაზე, რა თქმა უნდა, ცალმხრივად ვერ შესრულდება. პოლარიზაციის არანაირი ინტერესი არ გვაქვს, პირიქით, სუბიექტურად დაინტერესებული ვართ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მშვიდ ვითარებაში განხორციელდეს. ვის არ აწყობს ეს? რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიცია, რომელიც პროცესების პოლარიზებას ხელოვნურად ახდენს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, სინამდვილეში ეს არასწორი ტერმინია.
„ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი, რაც ოპოზიციას ახასიათებს. „რუსული“ პირზე აკერიათ. ამდენი ხანი ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიგვყავს, ამ დროს დღე დღეზე კანდიდატის სტატუსს ველოდებით. მათი მხრიდან კეთდება ყალბი გზავნილები. ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაა. დეპოლარიზაციის ნაცვლად, საუბარი უნდა იყოს დერადიკალიზაციაზე და, ბუნებრივია, ერთადერთი ადრესატია ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.