ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ
ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ

რასაც რადიკალური ოპოზიცია ბატონ ვარჰეისთან დაკავშირებით ამბობდა, იყო პირდაპირი ლუსტრაცია იმის, რომ მათი ერთადერთი მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და რადიკალური ოპოზიციაც ამბობს, რომ ეს უნდათ. მათი ფორმალური პოზიცია ეს არის და როცა გინდა, კანდიდატის სტატუსი მიიღო, ასეთ დროს გადამწყეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ გზაზე დადებითი შეფასებების მიღებას, ხომ? ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მისი პორტფელია ეს, ის არის ევროკავშირის მინისტრი გაფართოების საკითხებში, ევროკომისარი, უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაა და მან მოგცა დადებითი შეფასებები, რაც ბუნებრივია, ოპტიმიზმის ხარისხს ზრდის. ზუსტად ეს არ მოეწონა რადიკალურ ოპოზიციას და პირდაპირ წავიდნენ ამ პოზიტიური შეფასების წინააღმდეგ, რაც უნდა გახდეს მყარი საფუძველი შემდგომში კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. მათ ვერ დამალეს, რომ ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის – საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის არმიღებაში ხედავს პოლიტიკურ შანსს, რომ არიონ ქვეყანა, დაიბრუნონ ძალაუფლება და ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩართონ ომში, რასაც ხელისუფლება ვერ დაუშვებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი პოლარიზაციის შემცირება, რაც ევროკომისრის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება.

„ბუნებრივია, როდესაც ოპოზიცია მოქმედებს რადიკალური დღის წესრიგით და რადიკალური ფორმით, თუ მეთოდით, ასეთ დროს შენც გიწევს პასუხის გაცემა. დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა ორივე მხარის მზაობა ამისთვის და ამის მზაობა რომ არ არის, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა; მათი მხრიდან გამოყენებული იყო ეთიკის ზღვარს აბსოლუტურად გაცდენილი ტერმინოლოგია და ასეთ დროს, ოპტიმიზმის საფუძველი ვერ გვექნება, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია რაღაცნაირად შეცვლის თავის რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში, დეპოლარიზაციის კუთხით მთავარი გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში მდგომარეობს და მთავარია, ეს პარტია სუსტი იყოს, რათა ქვეყნისა და პოლიტიკური სისტემის დაზიანების რესურსი არ ჰქონდეს.

„ისინი მაგალითად, გვპირდებოდნენ იგივე ცხელ შემოდგომას, მაგრამ მიილია შემოდგომა და მაინცდამაინც დიდი სითბოც კი არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით. „ნაცმოძრაობა“ რაც უფრო სუსტია ხოლმე, მით უფრო მეტი სიმშვიდეა, თუ დააკვირდებით. დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ. სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოოდ დეპოლარიზაციამდე, თორემ ვაშაძის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას იმედზე ვერ ვიქნებით, ბუნებრივია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.