ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და, ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს.
„გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.