ირაკლი კობახიძე - დეკლარაცია არ დამტკიცდა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტს აჯამებს. როგორც კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან ერთად ფეისბუქლაივის დროს აღნიშნა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
„საინტერესო ვიზიტი გვქონდა, საინტერესო შეხვედრებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი, ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს მეგობრები. გაიმართა საინტერესო საუბრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპარლამენტარებთან. ეს არის ბუნებრივია, საფუძველი იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, დეკლარაცია არ დამტკიცდა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ არ გვქონდა ამ სხდომაში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები მონაწილეობდნენ აქტიურად ასოციაცირების კომიტეტის სხდომაში. მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც როგორც სჩვევიათ, იყო გაჯერებული სიცრუით. მათი დამსახურებით და ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების თანადგომით, ეს ცვლილებები მთლიანად ჩავარდა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ დეკლარაციას, დეკლარაცია არ დამტკიცდა, რასაც მოყვა ოპოზიციის სპეკულაციები. ამ შემთხვევაში დეკლარაცია ეს არის დოკუმენტი, სადაც აისახება ფაქტობრივად ის პროგრესი, რომელსაც განიცდის ქვეყანა ასოციაცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ეს დოკუმენტი მზადდება თანამშრომლობით, თანაავტორობით ჩვენს ევროპარლამენტარ მეგობრებთან და ასეც იყო მომზადებული. საბოლოო ჯამში, ეს დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, თუმცა ბუნებრივია, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა ჩავარდება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ დაბრკოლება შეექმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან
„მაშინაც ჰქონდათ მცდელობა ოპოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია. თქვენ იცით, რომ დღეს ათიათასობით და ასიათასობით საქართველოს მოქალაქე სარგებლობს ამ მიღწევით. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა ჩავარდება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ დაბრკოლება შეექმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. ბუნებრივია, ეს ყველა მცდელობა იქნება წარუმატებელი და ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“.
ანტიდასავლური ძალების ადგილი არ არის იქ, სადაც წყდება ქვეყნის ბედი. შესაბამისად, ასეთ ძალებს, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ანტიევროპულ საქართველოს, საკუთარ ადგილს მიუჩენს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.