ირაკლი კობახიძე - დეკემბერში მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, წელსაც გვექნება გერმანიის, მთლიანად ევროპული საბჭოს მხარდაჭერა
მოლაპარაკებების პერსპექტივის თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მყარი მხარდაჭერა. დეკემბერში მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, წელსაც ექნება ქვეყანას გერმანიის, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განცხადებით, იმედოვნებს, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში.
„ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რისი გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ჩვენ იმედი გვაქვს, წელს ასეთი მიმართულებით არ განვითარდება პროცესები და იმედი გვაქვს, წელს მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.
იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა. კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როდესაც ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.