ირაკლი კობახიძე - დავუშვათ, 2024 წელს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისევ არ შემოდის პარლამენტში, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოცხადდება კრიზისად, თუ გამოცხადება, მაინც ყველაფერი კარგად იქნება
თეორიულად დავუშვათ, რომ 2024 წელს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისევ არ შემოდის პარლამენტში, არ შემოდის და ნუ შემოდის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოცხადდება კრიზისად და მაინც თუ გამოცხადება, მაინც იქნება ძალიან კარგად ყველაფერი, ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს არ იქნება ხელმოწერილი 19 აპრილის მსგავსი სამარცხვინო შეთანხმება, რაც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა და მმართველი პარტია ასეთ მოლაპარაკებებშიც კი არასდროს შევა.
შეკითხვაზე, როგორ აისახება შარლ მიშელის შეთანხმების სამარცხვინო შეთანხმებად მოხსენიება და მსგავსი განცხადებები დეკემბერში მისაღებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, როცა ბოლო დროს ევროპარლამენტიდან გამკაცრდა განცხადებები, რომ საქართველოში ადგილი აქვს ანტიდასავლურ რიტორიკას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქ დასავლეთი არაფერ შუაშია.
„ხან გვეუბნებიან, რომ ეს იყო ევროპის მიერ მოწოდებული ხელშეკრულება და ხან გვეუბნებიან, რომ ეს იყო პარტიებს შორის შეთანხმება. როგორც აწყობთ, ისე ამბობენ ხოლმე. ეს პარტიებს შორის შეთანხმება თუ იყო, რა შუაშია აქ დასავლეთი? ოპოზიციის მხრიდან იყო შანტაჟი, საბოტაჟი და ჩვენ მოგვიწია კომპრომისზე წასვლა. საბოლოო ჯამში, ხელი მოვაწერეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც რეალურად, ობიექტურად არ იყო ხელმოსაწერი. ანუ, უსამართლო იყო. რატომ აწუხებს ეს ვიღაცას დასავლეთში, თუ მარტო მედიაციით იყო დაკავებული ამ შემთხვევაში ერთი ელჩი, მეორე ელჩი და ა.შ.? როდესაც ტარდება საპარლამენტო არჩევნები და შენ ცდილობ, ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვალო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო. ყველამ პატივი უნდა სცეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ოთხი წლის განმავლობაში გამარჯვებულ პარტიას უნდა მისცეს ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება. როდესაც ამას არ აკეთებ, ეს არის სამარცხვინო და რატომ იღებს თავის თავზე დასავლეთი, თუ მისი ინიციატივა არ იყო ეს ყველაფერი და თუ ეს იყო მხოლოდ ოპოზიციის საბოტაჟის შედეგი?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.