ირაკლი კობახიძე - დავრჩები თუ არა პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე, ეს გენერალურმა მდივანმა უნდა გადაწყვიტოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების” ყრილობა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიმართება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტიის ყრილობაზე, წესდების თანახმად, უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები.
„ახლა ტარდება რაიონული და საქალაქო კონფერენციები, კონფერენციების შემდეგ სავარაუდოდ, მაისის ბოლოს, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც წესდების თანახმად, უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება განახლებას, ეს შეეხება არსებითად, მე ვფიქრობ მხოლოდ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას. ეს რა თქმა უნდა, არის საბოლოო ჯამში ყრილობის გადასაწყვეტი, პარტიის წევრთა გადასაწყვეტი, თუმცა ჩემი ვარაუდია, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა პოლიტსაბჭოს გედევან ფოფხაძე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ჯერ პოლიტსაბჭო, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ყრილობა.
„აქედან გამომდინარე, მე ვერ გაგცემ ამაზე პასუხს. ამაზე პასუხს გაგცემთ ის 21 კაცი, რომელიც არის გაწევრიანებული პოლიტსაბჭოში“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს გენერალურმა მდივანმა უნდა გადაწყვიტოს. „კახა კალაძის მაგივრად მე ვერ გაგცემთ პასუხს, დავრჩები, თუ არა”, – განაცხადა კობახიძემ.