ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით სააკაშვილმა თქვა, 70-80 მილიონი მაქვს აღებულიო, ამ ადამიანებს იმდენი რამ აქვთ გაფუჭებული, შეიძლება, ყველაფერი დასაჯერებელი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორია დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზება, რასაც ოპოზიცია ცდილობს.
„მე ვიცი ის, რაც იცით თქვენ, სატელევიზიო ეთერიდან. აქედან გამომდინარე, დეტალებში ვერ შევალ, მით უმეტეს, არასწორი იქნება ამ საკითხის პოლიტიზება. საკითხის მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე, ოპოზიცია ცდილობს ამის პოლიტიზებას. მნივშელოვნია, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს. ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა 70-80 მილიონი მაქვს აღებული ამ საქმეშიო. ამ ადამიანებს იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული, მათი მხრიდან შეიძლება, ყველაფერი დასაჯერებელი იყოს. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან, თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 70 მილიონი, თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულად საწინააღმდეგო“.
საქართველოს პროკურატურამ ორი დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.