ირაკლი კობახიძე - დავით ჭაკუა რეჟიმის დავალებების შემსრულებელი იყო, მთავარი დამნაშავეები არიან სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, ახალაია, რომლებიც იყვნენ სისტემის შემქმნელები
დავით ჭაკუას უფროსები იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აღარ აქვთ მეხსიერება ამ ადამიანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავით ჭაკუა იყო რეჟიმის დავალებების შემსრულებელი და არა ლიდერი. მისი ხელმძღვანელები და დავალებების მიმცემები კი მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ბაჩო ახალაია და ზურაბ ადეიშვილი იყვნენ.
„მე მახსოვს, დავით ჭაკუას უფროსები მაშინ იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აღარ აქვთ მეხსიერება ამ ადამიანთან დაკავშირებით. ჭაკუას ხელმძღვანელები და დავალებების მიმცემები იყვნენ სააკაშვილი, ბოკერია, ახალაია, ადეიშვილი და სხვები. ის იყო რეჟიმის დავალებების შემსრულებელი და არა თვითონ რეჟიმის ლიდერი. მთავარი დამნაშავე, რაშიც არის მხილებული ჭაკუა, არის არის სწორედ სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, რომლებიც იყვნენ იმ სისტემის შემქმნელები, რომლის შედეგიც იყო ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და ყველა ის უბედურება, რაც გვახსოვს ჩვენ 2012 წლამდე პერიოდიდან. შესაბამისად, გასაგებია, რომ მათ არ აწყობთ იმის გახსენება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა დავით ჭაკუამ სწორედ მათივე დაკვეთით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია 3 ივლისს განხორციელდა.
დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.