ირაკლი კობახიძე - დავით არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ და ეს არ გვიკვირს, მათ საქართველოში მეორე ფრონტი სურთ, რასაც ვერ ეღირსებიან
თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები მიყიდა და შეიძლება, არახამია ამას გულისხმობს, მაგრამ ჩვენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ განვიხილავთ. რა თქმა უნდა, აქტივების გაყინვაც არის ერთ-ერთი ფორმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საქმეა ეროვნული ინტერესების დაცვა.
„ჩვენ არახამია რუსეთის მიმართ ესკალაციას არა მხოლოდ ირიბად გვთხოვს, არამედ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პირდაპირ ითხოვდნენ. არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ და ეს არ გვიკვირს. მათ საქართველოში მეორე ფრონტი სურთ და ამას ვერ ეღირსებიან. არახამია, დანილოვი, პოდილიაკი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებდნენ, ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაც პოლემიკაში გამოგვიწვიონ. არავითარი სურვილი არ გვაქვს, მათ პოლემიკაში შევყვეთ. მათ საკუთარი საქმე აქვთ, ჩვენ – ჩვენი, რაც ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.