ირაკლი კობახიძე - დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან და ეს აღიარა ევროპარლამენტმაც
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს აღიარა ევროპარლამენტმაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტმა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა.
„მოვისმინეთ, ევროპარლამენტისა და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ. უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.