ირაკლი კობახიძე - დავალიანების განულების ინიციატივაზე აქტიური მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა
დავალიანების განულების ინიციატივაზე აქტიური მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია ბანკებისა და არასაბანკო დაწესებულებების სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
„ეს არის სქემა, რომელზეც მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა. ეს იოლი ჩამოსაყალიბებელი სქემა არ იყო, რამდენიმეთვიანმა მუშაობამ შედეგად მოგვცა, რომ 600 ათასი ადამიანი ვალის გარეშე იქნება. ახალ მთავრობას ნდობა რამდენიმე თვის წინ გამოვუცხადეთ, რომლის ერთ-ერთი საფუძველი ეს ინიციატივები იყო, რომელსაც ხორცი შეესხა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად. ამ საკითხების გადაწყვეტას, განსაკუთრებით, ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას, რამდენიმეთვიანი დაგეგმვა სჭირდებოდა. პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე პირველი განცხადება გააკეთა, რომელიც ჭაბრვალიანობას ეხებოდა, რაც ქვეყანაში სიღარიბის ერთ-ერთი წყაროა. მოგვიანებით, ამ ინიციატივაზე ყურადღება პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა. ჩვენი ამოცანა იყო ამ ყველაფერის წლის ბოლომდე განხორციელება“, – დასძინა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.