სწორედ იმისთვის, რომ სახელმწიფო არ დარჩენილიყო წაგებული, ჩვენ არ დავთანხმდით იმ ულტიმატუმებს, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან შექმნილია ხელოვნური კრიზისი.
„ხელოვნური კრიზისიც კრიზისია, თუმცა ეს კრიზისი არის ხელოვნური, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ხაზგასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისი. ყველა ინსტიტუტმა, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დაადასტურა ის, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში და ამას ისინი არქმევენ კრიზისს, ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისი. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ დაკავებული მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვით მუდმივ რეჟიმში, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში შესვლა და ამაზე დროის კარგვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება, როდესაც ვერ ამტკიცებ არჩევნების გაყალბებას და პირიქით, გიმტკიცებენ, მაგალითად, პივიტის გაყალბებას და უამრავ სხვა სიყალბეს. ასეთ დროს, როცა არ შედიხარ პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გიყვარს ეს სახელმწიფო და არ სცემ პატივს ამ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციამ გააყალბა.
„ოპოზიციამ გააყალბა ეს. ამ ენჯეომ ჩაატარა, მაგრამ ოპოზიციამ გააყალბა, ამაზე გვაქვს ინფორმაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა უამრავი რამ შესთავაზა ოპოზიციას, თუმცა მათი მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმებს ჰქონდა ადგილი.
„მე დეტალებს ვერ გავშლი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით უამრავი რამ შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველა მიმართულებით, თუმცა ოპოზიციას ჰქონდა ულტიმატუმები, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ითვალისწინებდა, გამგები ალბათ გაიგებს, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეს ერთი და ითვალისწინებდა სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას. ამით ისინი გამოირჩევიან, ხომ, იგივე რომ გავიხსენოთ თუნდაც მელიას საქმე, მან პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, როდესაც თქვა, რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ. აქ, ბუნებრივია, სახელმწიფოს ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, სახელმწიფოს ეკისრება რეაგირების ვალდებულება და ეს ასეც მოხდა. დღესაც გვქონდა ანალოგიური ვითარება, როდესაც ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმებს გიყენებენ, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს სჭირდებათ პასუხის გაცემა ასეთ ულტიმატუმებზე და ასე მოვიქეცით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან შექმნილია ხელოვნური კრიზისი და ამიტომაც, ის ქვეყნისთვის მძიმე შედეგს ვერ მოიტანს.
„ხელოვნურ კრიზისზებს არ შეუძლია ცუდი შედეგების მოტანა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეს სურს ამ ოპოზიციას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციაში არ ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, მაგრამ იმ ძირითად პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს ნამდვილად სურთ ამ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ისინი ამას, ბუნებრივია, ვერ მიაღწევენ ვერც ერთი ხელოვნური კრიზისით მძიმე შედეგები ვერ დადგება. ვერც ერთი ხელოვნური კრიზისით ჩვენს ქვეყანას პრობლემები არ დაუდგება, ეს არის ხელოვნური კრიზისი, რომელსაც აუცილებლად ექნება დასასრული. მათ სურთ ქვეყნის წაგება, მათ სურთ ამის გაკეთება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა. სწორედ იმისთვის, რომ სახელმწიფო არ დარჩენილიყო წაგებული, ჩვენ არ დავთანხმდით იმ ულტიმატუმებს, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, განახლდება თუ არა შეხვედრა მხარეებს შორის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული პროცესი დასრულდა და ხვალიდან ხელისუფლება საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა გადაერთოს.
„ვერ გეტყვით, შესაძლებელია, თუმცა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დღეს დასრულდა ეს კონკრეტული პროცესი. ჩვენ ხვალიდან უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ეკონომიკა, სოციალური საკითხები, მათ შორის საგარეო პოლიტიკა, რაც საზოგადოებისთვის არის ასე მნიშვნელოვანი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დღის წესრიგი, არის ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი სერიოზული გამოწვევები, ამბიციური გეგმები და ამოცანები, რაზეც ისინი, პრემიერი პირველ რიგში და მთავრობის წევრები უახლოეს მომავალში აქტიურად ისაუბრებენ. დასრულდა ამ პროცესის ეს ეტაპი, ხვალ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საკითხებზე ზრუნვაზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი საზოგადოების ძირეულ ინტერესებთან. პარლამენტში არის ორი ოპოზიციური პარტია. თუ მეტი იქნება, ეს უკეთესია. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ იგეგმება მანდატების გაუქმების საკითხის კვლავ განხილვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე გუნდი კიდევ ერთხელ იმსჯელებს.
„რაც შეეხება მანდატების გაუქმებას. უკვე არის ორი ოპოზიციური პარტია პარლამენტში. შესაბამისად, ამ კუთხით ვითარება არის შეცვლილი უკვე მას შემდეგ, რაც მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ მსჯელობა და მივიღებთ ცალკე გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავთ, ბუნებრივია, არც ერთ და არც მეორე ვერსიას. მე პირადად ახლაც ვემხრობი იმას, რომ შევუნარჩუნოთ მანდატები ყველა დეპუტატს, რომელიც ასეთ განაცხადს შემოიტანს, თუმცა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს გუნდი და გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.