ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, განვითარება, ამის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, აქტივობის მონაცემებიც მეტყველებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რეალურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან პრინციპული ქვეყნისთვის.
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.
„ამ არჩევნებზე წყდება, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა, მათ შორის შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი აქტივობის მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მაღალი აქტივობა, რათა ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.