ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში
დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩნენ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად.
შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. დღეს დილის 08:00 საათზე საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები რაიმე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსალოდნელ პროვოკაციებზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ. ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებს, მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.
დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.