ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციების საფუძველზე საკითხის საუკეთესო გადაწყვეტას მივაღწევთ
ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამ ვითარების მართვის შემადგენელი ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთან კონსულტაციებიც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად ხელისუფლებას მუდმივი კონსულტაციები აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე საკითხები ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება.
„გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტა ამ მიმართულებით. ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის. დათმობაზე არ არის საუბარი, მთავარია, გვქონდეს კონსულტაციები ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ამ კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ, საუკეთესო გადაწყვეტას მივაღწევთ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
„კონსულტაციები გაგრძელდება და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა მივიღოთ ისეთი სურათი, რომელიც ერთი მხრივ, არ შეუქმნის პრობლემას ადამიანების ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ასევე ეკლესიას მისცემს რწმენის თავისუფლებით სარგებლობის საშუალებას. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამის მთავარი ინსტრუმენტი იქნება კონსულტაციები. კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.