ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გართულებები არ გვექნება და ამ მიღწევის შენარჩუნებას შევძლებთ
დარწმუნებული ვარ, გართულებები არ გვექნება და იმ მიღწევის შენარჩუნებას შევძლებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ვიზალიბერალიზაციაა, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, ამ ვალდებულებების შესრულებას მაქსიმალურად ვცდილობთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის მივიღეთ, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. ასევე, ჩვენს კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის მეც, როცა შეხვედრები გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ. ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის აბსოლუტურად ღია ვართ, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ყოველთვის მზადყოფნას ვაფიქსირებთ, რომ ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა ზომა მივიღოთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და იმ მიღწევის შენარჩუნებას შევძლებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რა მექანიზმს გამოიყენებენ, რომ უვიზო მიმოსვლით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საუბარია სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზე.
„ასეთი მექანიზმები კანონების დონეზეც შევიმუშავეთ. მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ სანამ ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ, რომ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მიღწევა – ვიზალიბერალიზაცია უნდა დავიცვათ და ყველა ნაბიჯი გადაიდგმება“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებას, რომ ხელისუფლება ცხოვრების ნორმალურ პირობებს ვერ უზრუნველყოფს და საქართველოში მდგომარეობა რაც უფრო უკეთესი იქნება, უცხოეთში მით ნაკლები ადამიანი წავა ლუკმა-პურის საძიებლად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე ვითარება დახვდა, როცა ხელისუფლება გადმოიბარა.
„მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა მილიონ 150 000 ადამიანი ცხოვრობდა. ბუნებრივია, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს და თანდათანობით იმ ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, თუმცა მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაახლოებით 800 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი წლიდან-წლამდე შემცირდება, თუმცა ბუნებრივია, რისკები ძალაში რჩება, რადგან სიღარიბის ზღვარს მიღმა მილიონ 150 000 ადამიანი დაგვახვედრეს. ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანას სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ყველა ზომას მივიღებთ, რათა ეკონომიკური განვითარება დაჩქარდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ხომ არ ახდენს გავლენას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „მიხეილ სააკაშვილი, მით უმეტეს ევროპაში არავის აინტერესებს და არ მგონია, მისი განცხადებები რაიმე გავლენას ახდენდეს“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუშინ ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, სიმონ მორდუს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.