ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი და ვერ გააკეთებს იმას, რაც ჩამოყალიბებული პრაქტიკაა დღევანდელ რეალობაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აჟღერებინებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, არ შეიძლება, პრეზიდენტი ასეთ როლში იყოს.
„ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს ამ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი. არ შეიძლება, პრეზიდენტი ასეთ როლში იყოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც, სამწუხაროდ, არის ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
„რაც შეეხება გამარჯვებას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა რამდენიმე არჩევანი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება, მისი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ამომრჩეველზე, ყველას აქვს თავისი არჩევანი და ჩვენ თითოეული ამომრჩევლის არჩევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა, გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება დგას „ქართულ ოცნებასთან“ და ახდენს იმ კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.