ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
წინ გველის ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც თქვენთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორი წლის წინ, პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ დასახული მიზნები და გაცემული დაპირებები პირნათლად არის შესრულებული.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პარტიის რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო, რამაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
პარლამენტის თავმჯდომარის აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება გახდა.
„მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ეს მიზანი სათანადოდ იქნა განხორციელებული. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული სამსახურის გაძლიერებას, რამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ წარმატებით ჩაგვეტარებინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტიის გუნდის, მათ შორის საპარლამენტო გუნდის გაძლიერება და განახლება 2016 წელს ყრილობის საფუძველზე, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია წარმატებისთვის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ განახლებული ენერგიით გაგვეგრძელებინა ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
ასევე, 2017 წელს ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში, რაც არის, ასევე, ჩვენი კარგად გააზრებული პოლიტიკის და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა გაცემული კონკრეტული დაპირებები პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ორი წლის თავზე, კიდევ ერთხელ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ეს დაპირება სათანადოდ იქნა შესრულებული და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ წინ გველის ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც თქვენთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ორწლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.
„ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი მომდევნო არჩევნებამდე იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი პარტია, მისი სტრუქტურები და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურობს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია მუდმივად არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.