ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მიერ დაყენებული კანდიდატი გაიმარჯვებს
დარწმუნებული ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მიერ დაყენებული კანდიდატი გაიმარჯვებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ჯერ კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ ყოფილა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს და საზოგადოების წინაშე შესაბამისი კანდიდატის წარდგენას შევძლებთ, რომელიც ძალიან მაღალ ნდობას მოიპოვებს. გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, რადგან საერთო სურათი ასეთია, რაც საპარლამენტო და შემდეგში, თვითმმართველობის არჩევნებმაც დაადასტურა“, – განაცხადა კობახიძემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, სალომე ქოქიაშვილის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლებლობას, პრეზიდენტის პოსტზე ძველი სახე დაბრუნდეს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რადგან კონსულტაციები არ დაწყებულა, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„კონსულტაციები ალბათ, მალევე, მომავალი წლის დასაწყისისთვის დაიწყება და ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს ამის შემდეგ წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება პარლამენტისთვის 2018 წლის მთავარი გამოწვევა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარი გამოწვევა იმ პროგრამისა და დაპირებების შესრულება იქნება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ წარუდგინა.
„ჩვენი საარჩევნო პროგრამა ერთდროულად რეალისტურიც იყო და ამბიციურიც და თითოეული დაპირების შესრულებას ძალიან ამბიციური მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას და მმართველ გუნდს წარმატებული სამი წელიწადი გვექნება“,- განაცხადა კობახიძემ.