ირაკლი კობახიძე - დაკორექტირების შემთხვევაში, შედეგებზე დიდ გავლენას არ ველოდებით, რადგან მცირეა იმ უბნების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პრეტენზიები არსებობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთ უბანზე ხმების გადათვლის მიზანია, დაკორექტირდეს მათ შორის საბოლოო მონაცემები, თუმცა შედეგებზე დიდი გავლენა მოსალოდნელი არ არის.
კობახიძის განმარტებით, მცირეა იმ უბნების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პრეტენზიები არსებობს, ამიტომ გადათვლას არჩევნების შედეგებზე საბოლოო ჯამში არსებითი გავლენა ვერ ექნება.
„რაც შეეხება შედეგებზე გავლენას, რა თქმა უნდა, დაზუსტების მიზანი არის ის, რომ დაკორექტირდეს მათ შორის საბოლოო მონაცემები, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ველოდებით შედეგებზე დიდ გავლენას, ვინაიდან უშუალოდ იმ ოქმებისა და უბნების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს პრეტენზიები, მცირეა. მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პრეტენზიას აცხადებს 60 უბანთან დაკავშირებით, რაც უბნების 1.5 პროცენტია. ბუნებრივია, ამას საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.