ირაკლი კობახიძე - დაახლოებით ერთი წელია, ვაკვირდებით უკვე პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ირაკლი კობახიძე - დაახლოებით ერთი წელია, ვაკვირდებით უკვე პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე

დაახლოებით ერთი წელია, ჩვენ ვაკვირდებით უკვე პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს არის პოლიტიკური შტურმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონზე მსჯელობენ.

მისი თქმით, პოლიტიკური შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრის პარალელურად დაიწყო.

„ჯერ დაიწყო გადაცემების ასე ვთქვათ, გაუქმების წინააღმდეგ პროტესტით, მაშინ, როდესაც ზუსტად ის გადაცემები ქმნიდა ნულოვან რეიტინგს. ეს ხომ პრობლემა იყო, ამას ყველა ვხედავდით. დაიწყო ცვლილებებზე საუბარი, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შტურმი. ეს არის არსებული სურათი. ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტიც გახდა ამ პოლიტიკური შტურმის შემადგენელი ნაწილი.
ამ პოლიტიკურ შტურმს გარდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისა, რა შეიძლება ჰქონდეს, არ ვიცი, რადგან თუნდა პოლიტიკურად დასაბუთებული, ეს შტურმი ვერ იქნება.

მარტივად რომ ავიღოთ, რა შეიძლება არ მოგწონდეს – არ შეიძლება მოგწონდეს რაღაცის გაუარესება. ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება ნულოვან სოციალურ გავლენაში. ეს როგორ შეიძლება გაუარესდეს, არ მესმის, ანუ რის წინააღმდეგ იბრძვიან პოლიტიკურად, ეს არ მესმის. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ვიღაცა ნებსით არის ჩართული, ვიღაც უნებლიედ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური შტურმი, ანუ იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რაც არ ვიცი, რატომ შეიძლება გახდეს ბრძოლის საგანი. რაც ვერ გაუარესდება, იმ პროცესს რატომ უნდა ებრძოლო საერთოდ არ მესმის.

თუ რამეს გააუმჯობესებს მენეჯმენტი, თორემ გაუარესებით რა უნდა გააუარესო, ხომ? ვერანაირად ნულოვან სოციალურ გავლენას ვერ დაიყვან მინუს სოციალურ გავლენად. ეს არის რეალური ვითარება. უკან გავიხედოთ. მაშინ ემოციურ ფონზე შეიძლება ვიღაცას სხვა განცდები ჰქონდა, მაგრამ როგორ შეიძლებოდა გაეპროტესტებინა ვინმეს იმ გადაცემების გაუქმება, რომელიც წერდა ნულოვან რეიტინგს. არაფერი, უბრალოდ პოლიტიკური შტურმი, პოლიტიკური ინტერესი, ჰქონდათ კონკრეტულ სუბიექტებს და დაიწყო პოლიტიკური შტურმი.

სამწუხაროდ, გაგრძელდა და სამწუხაროა, რომ ეს კანონპროექტი მოჰყვა ამ შტურმში. მაშინ როდესაც ბევრ რამეზე იყო სამსჯელო და სხვანაირად შეიძლებოდა ამ ყველაფერზე მსჯელობა, მაგრამ ამ პოლიტიკურმა ფონმა რეალურად ამის საშუალება სრულყოფილად და სრულფასოვნად არ მისცა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოვახერხეთ ის, რომ ეს კანონპროექტი გახდა ყველაზე ფართო მსჯელობის საგანი რაც კი გვქონია ბოლო თვეების განმავლობაში. ჩამოყალიბდა გარკვეული პოზიცია. პირვანდელისგან ბევრად განსხვავდებოდა ის კანონპროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.