ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის დეპუტატს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს, როდრიხ კიზევეტერს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო-ს მისიაში ავღანეთში. როდრიხ კიზევეტერის თქმით, ქართული თავდაცვის დანაყოფები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რის გამოც ბუნდესტაგის დეპუტატმა ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით, ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.
როდრიხ კიზევეტერმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზეა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
„ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. როდრიხ კიზევეტერმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველოს მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეს ამ გზაზე.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ გეგმას, რომ განახორციელოს ევროპული რეფორმები და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.