ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის გენერალურ მდივანი კახა კალაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით დღეს დილით გაემგზავრნენ.

ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპარლამენტში მოკავშირე პარტიის წევრებს, ასევე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. აუდიენცია ევროპარლამენტარებთან 12-13 თებერვალს არის დაგეგმილი.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტში გამართავენ შეხვედრებს და იმსჯელებენ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„სტრასბურგში ვიზიტისას შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის საკუთარ არგუმენტებს გააცნობენ ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშირებითაც.

„იქნება კოლეგებთან შეხვედრები ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირე პარტიასთან, ასევე ჩვენი ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებთან. რეალურ სიტუაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან არ არსებობს თემა, რომელზეც პასუხი არ აქვს ხელისუფლებას. ყველაფერზე იქნება საუბარი, ინფორმაციაც იქნება მიწოდებული“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის სამდღიანი ვიზიტის პარალელურად, სტრასბურგში გაემგზავრება საპარლამენტო დელეგაცია დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაში.