ირაკლი კობახიძე - ცხრაწლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავუტოვოთ ხალხს სისტემა, რომელიც სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტი წარადგინა.
„მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე და არაერთხელ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამას აქვს ასევე ერთი ძალიან საინტერესო მიზეზი – ეს არის, კიდევ ერთხელ, ცხრაწლიანი რეჟიმი. რომ არა სისტემა, რომელიც მაშინ არსებობდა, ეს მახინჯი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა. შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელში არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება, რაც იყო „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს სისტემა, რომელიც გამორიცხავს ისეთ სისხლიან რეჟიმს, რომელიც ცხრა წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული“,-აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც არ აქვს პლუსები და მინუსები, ასეთია პროპორციული საარჩევნო სისტემაც.
„თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი – ცხრაწლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.
„ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა, თუ რა კავშირშია პროპორციული სისტემა პარტიული სისტემის განვითარებასთან. კავშირი, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი. იქ, სადაც არ არის ჩამოყალიბებული და განვითარებული პარტიული სისტემა, არის მეტი საფრთხე პროპორციული სისტემის პირობებში. ჩვენს შემთხვევაში ეს რისკი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენილი, ვიდრე, დავუშვათ, გერმანიაში, თუმცა იქაც კი ჩნდება პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიაშიც კი, 20 %-ზე მეტი, 30 %-მდე აიღეს ანტისისტემურმა პარტიებმა. გვერდით ვიჯექი გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემა გერმანიას უქმნის უკვე საფრთხეს იქ, სადაც პარტიული სისტემა არის სერიოზულად განვითარებული, გამომდინარე ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან. ეს არის დისკუსია, რომელშიც ძალიან დიდხანს შემიძლია შევიდე და ვისაუბრო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის პლუსებიც, არის მინუსებიც. ჩვენს პირობებში რისკი მეტი აქვს პროპორციულ სისტემას, ვიდრე გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში, თუმცა ვფიქრობ, რომ გვაქვს რესურსი, თუნდაც 2020 წლიდან შევძლოთ პროპორციული სისტემის პირობებში სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. ამის ერთ-ერთი გარანტი უნდა იყოს ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგი. „ჩვენში“ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“. „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ არჩევნებში უნდა დადოს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის სტაბილურ განვითარებას. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამბიციაა, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 %-ს. თუ ამ შედეგს დავდებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება გარანტირებულად ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.