ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, რომ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი, რაც აუცილებლად იქნება მიღწეული
ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელ ტელევიზიებში დაუჭერენ მათ მხარს და ა.შ. ეს ყველაფერი ცხადად გვიჩვენებს, რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟირნალისტის კითხვას, „მიგაჩნიათ თუ არა გიორგი გახარია ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ ძალად, რეალურ ოპოზიციად, ფიქრობთ თუ არა, რომ ზურგი შეაქცია თქვენს გუნდს“.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის საინტერესოა საკუთარი დღის წესრიგი, ის, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე სათანადო შედეგი მიიღონ.
„ჩვენ შეფასება გავაკეთეთ უკვე ამასთან დაკავშირებით, მე მგონი, შემდგომი შეფასებები საჭირო აღარ არის. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ნათელი, დანარჩენი ჩვენ ჩვენს დღის წესრიგზე უნდა ვიყოთ გადართული.
ეს ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში. გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ ისინი პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელ ტელევიზიებში დაუჭერენ მათ მხარს და ა.შ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს, რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.