ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია სათანადოდ შედგეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მოკლეთ გამოვეხმაურო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად შევჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. ვადა არის განსაზღვრული და ჩვენ, ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს შესაბამის პროცესს. არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პროკურატურის მხრიდან, სხვა უწყებების მხრიდან, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სიის შედგენას. ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდასაჭერად მეგობარი სახელმწიფოებისადმი ერთობლივი წერილის მომზადება შესთავაზა.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება, სადაც დაფიქსირდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და სანქცირების საკითხი, პირველი ნაბიჯი იყო და ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი.