ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას
ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც, ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს.
„ამის საუკეთესო ილუსტრაციაა „ენ დი აის“ თბილისის ოფისი ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
„ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც, ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის პროცესი, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.