ირაკლი კობახიძე - ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი
ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, პოლიტიკურ კონსენსუსს და არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. კობახიძის თქმით, ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც სერიოზული ხარვეზებია.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა.
„ჩვენ, სამთავრობო შემადგენლობა თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებთან. ამ ყველაფერში თუ იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის, არის უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის სუბიექტური მიზეზის გამო, ეს არ არის მარტო ობიექტური ინტერესი, ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში. არის აქ ერთი სუბიექტური ინტერესი – როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ჩვენ არ ვიწყებთ ხოლმე. თქვენ გახსოვთ, როგორც დაიწყო ეს ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო არჩევნების არცნობა, შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორია რიტორიკა და ასე შემდეგ. დღეს არ მინდა, ამ ყველაფერზე ვისაუბრო. მინდა, მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.