ირაკლი კობახიძე - ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს
ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე შემდეგი თითოეული მოგებული თამაშისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის თემაზეც ისაუბრა.
„სტადიონი არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. თქვენ იცით, რომ არის სირთულეები „დინამოს“ სტადიონზე. 51 ათასი არის ამ სტადიონის მაქსიმალური ტევადობა. ჩვენ გვჭირდება 70-ათასიანი სტადიონი, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ გულშემატკივრებს, შევძლოთ, უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ახალი სტადიონი აშენდება. ეს გეგმა დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას და ა.შ. სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლება ანადგურებდა სპორტულ ინფრასტრუქტურას და უხეშად ერეოდა სპორტში.
„ცხრა წლის განმავლობაში არათუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იან წლებთან შედარებით უკან წავიდა. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, თბილისის „დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახიეს ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ისიც აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს. თქვენ იცით, რომ „ქართუს“ უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონი არის დახარჯული, მაგალითად, რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.