ირაკლი კობახიძე - ჩვენს ეროვნულ იდენტობას სამი საყრდენი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამივეს უპირისპირდება
ქვეყანას აქვს გამოვლილი ასეთი მტკივნეული პროცესები. შეიძლება, გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ბოლშევიკები შეგნებულად ებრძოდნენ ამ სამ საყრდენს. დღესაც იგივე ხდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც საკუთარი სამშობლო არ უყვართ და მეტიც, უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც სამშობლოს ფენომენს უკავშირდება.
„რაც შეეხება მამულს, პირდაპირი გაგებით, მიწაზე რომ ვისაუბროთ, მათი უდიერი დამოკიდებულება ქართული მიწის მიმართ ბევრ რამეში გამოიხატა. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, მათ გადასცეს რუსეთის ფედერაციას. ასევე, იცით, რაც მოხდა დავით გარეჯთან დაკავშირებით. ესაა მამულისადმი უდიერი დამოკიდებულების შედეგი. რაც შეეხება იდენტობის მეორე საყრდენს – ქართულ ენას: ბილწსიტყვაობა არაა მხოლოდ ადამიანის სიავის გამოვლინება, ესაა მათი მიზანმიმართული პოლიტიკა. პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პარტიულ ტელევიზიებში. თავიდან, ეს სხვა რამით დაიწყო. მაგალითად, სერიალებშიც ხდებოდა ბილწსიტყვაობისთვის ყურის შეჩვევა. რაც შეეხება სარწმუნოებას – ალბათ, ამ ეტაპზე, ესაა ყველაზე მტკივნეული. ისინი უხეში ფორმით, როგორც ეკლესიას, ისე მის წინამძღოლს, კათოლიკოს პატრიარქს შეურაცხყოფენ. ამ სამი მიმართულებით მათი ბრძოლა არაა შემთხვევითი. ეს მათი მენტალიტეტის პრობლემაა. ეს პოლიტიკური მოცემულობა აუცილებლად უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც საკუთარი სამშობლო და ქვეყანა უყვართ“, – განაცხადა კობახიძემ.