ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად
ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე.
„ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველომ სხვადასხვა ფორმატში მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო. ამასთან, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ფართოა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა უკრაინის მიმართ. აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში. იგულისხმება, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით, განსაკუთრებულად ვზრუნავთ უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის უზრუნველყოფილია საქართველოში უფასო განათლება, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და, რა თქმა უნდა, დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.