ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალი იყო თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, შეგვემუშავებინა კონსტიტუცია, რომელიც ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას აგვარიდებდა
კონსტიტუცია არის ქვეყნის ქვაკუთხედი, ის სახელმწიფოს განვითარების შინაარსს განსაზღვრავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების სტუმრებს, ასევე საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მიესალმა და მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სწორედ მათი მუშაობის შედეგად მომზადდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია.
„როგორც იცით, დღეს აღინიშნება საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე. ამ დღეს ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია. კონსტიტუცია არის ქვეყნის ქვაკუთხედი, კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების შინაარსს. სისტემური უსამართლობა, როგორც წესი, სათავეს იღებს უსამართლო კონსტიტუციაში, ხოლო სადაც კონსტიტუცია სამართლიანია, სისტემური უსამართლობის სახელმწიფოში ფეხის მოკიდება თითქმის არის შეუძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის უსამართლობას შეეწირა, რომელმაც თავი 2004 წლის უსამართლო კონსტიტუციის წყალობით დაიმკვიდრა.
„დღეს შესრულდა 11 წელი ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც თავი 2004 წლის უსამართლო კონსტიტუციის წყალობით დაიმკვიდრა. ჩვენი ვალი იყო, თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალი იყო ქვეყნის წინაშე, შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ. ეს იყო ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო.