ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში, არ ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაცმოძრაობას“
ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტში არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას-„ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უმჯობესი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მაგრამ სხვებთან მიმართებით სურვილი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი იმისა, რომ არა ერთი და ორი, არამედ მეტი პოლიტიკური პარტია შეუერთდება პარლამენტს.
„ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ იმაში, რომ არა ორი და სამი, არამედ პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. რადიკალურ ოპოზიციას მანევრირებისთვის არავითარი სივრცე არ აქვს. მათ საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს, რომ არჩევანი რჩებათ ცუდსა და უარესს შორის. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მაღლა აწიეს თამასა და მათთვის უარესია – არშემოსვლა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან მცირე სივრცე აქვთ მანევრირებისთვის, „ქართულ ოცნებას“ კი, ფართო სივრცე აქვს და ამას მაქსიმალურად პრაგმატულად გამოვიყენებთ ისე, რომ საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ორზე და სამზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმოდგენა პარლამენტში. მანევრირებაში რას ვგულისხმობ, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ სივრცე გვაქვს უზარმაზარი“, – განაცხადა კობახიძემ.