ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.
„მინდა, მივულოცო აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე. ზოგადად, აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, „რა იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მე ასე მჯერა, ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, ორივე ქვეყანას თანაბრად“.