ირაკლი კობახიძე - ჩვენი პროგრამა არის რეალისტური და, ამავდროულად, ამბიციური, არცერთ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რაც შესრულებადი არ არის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პროგრამა არის რეალისტური და, ამავდროულად, ამბიციური, არცერთ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რაც შესრულებადი არ არის

ჩვენი პროგრამა არის, ერთი მხრივ, რეალისტური, ამავდროულად, ამბიციური, ჩვენ არცერთ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რაც შესრულებადი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, უკვე მომავალ წელს პენსია იზრდება 350 და 450 ლარამდე, მაღალმთიან რეგიონებში 420 და 540 ლარამდე, ამის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პროპორციულად გაიზრდება პენსია.

„ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ე.წ. ინდექსაციის წესი, რომელიც გულისხმობს, რომ ინფლაცია რამდენიც არის, სულ მცირე, იმდენით უნდა გაიზარდოს პენსია პენსიონერებისთვის. ამის მიღმა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ზრდის მიხედვით, უფრო მეტად გავზარდეთ პენსია უკვე მომავალი წლისთვის. წელს პენსია თუ 315 ლარი იყო, პირველი იანვრიდან გახდება 350 ლარი. ინდექსაციას რომ გავყოლოდით მხოლოდ, ამ შემთხვევაში პენსია გახდებოდა 335 ლარი, თუმცა, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ მოგვეცა პენსიის 350 ლარამდე გაზრდის საშუალება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გახდება 450 ლარი და მაღალმთიან რეგიონებში, შესაბამისად, 420 და 540 ლარი. რეალურად, ეკონომიკის ზრდას მიჰყვება პენსიების ზრდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობისა“ და „ლელოს“ დაპირება 1 000-ლარიან პენსიაზე არის ჩვეულებრივი სიყალბე, რადგან 1 000-ლარიან პენსიას სჭირდება 10 მილიარდი ლარის გამოყოფა.

„40 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად. პოლიტიკური სუბიექტი როცა ამბობს, რომ პენსიაზე გამოიყოფა ბიუჯეტის მეოთხედი, ეს, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას. დღეს ჩვენი სოციალური ბიუჯეტი მთლიანობაში არის დაახლოებით ბიუჯეტის 27 პროცენტი. ამაში შედის პენსიები, ჯანდაცვა. შენ როცა ამბობ, რომ მარტო პენსიებზე გამოყოფ 25 პროცენტს, მაშინ უნდა დაასაბუთო, რას მოაკლებ დანარჩენ ხარჯებს. საბოლოო ჯამში, უნდა მოაკლო არსებითად ისეთ ასიგნებებს, რომლeებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან. ეკონომიკური ზრდა თუ შეგიფერხდება, პენსიის ზრდაც შეგიფერხდება. იმდენად მარტივად დასაბუთებადია ის, რომ ეს დაპირება არის სიყალბე, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც კი ადვილად მოახერხა ამის გაკეთება. გახსოვთ „გირჩისა“ და „ლელოს“ დებატები, რაქვიაშვილმა სამ წუთში დაუსაბუთა „ლელოს“, რატომ არის მათი დაპირება ტყუილი. ჩვენი პროგრამა არის, ერთი მხრივ, რეალისტური, ამავდროულად, ამბიციური – ჩვენ არცერთ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რაც შესრულებადი არ არის. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, უკვე მომავალ წელს პენსია იზრდება 350 და 450 ლარამდე, მაღალმთიან რეგიონებში 420 და 540 ლარამდე და ამის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პროპორციულად გაიზრდება პენსია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წელს სოციალური პაკეტი პრაქტიკულად არ არსებობდა, არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დახმარების პაკეტი იყო დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე არის დღეს და საარჩევნო მიზნებით, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე რიგდებოდა.

„გარდა იმისა, რომ პენსია გავასამმაგეთ, შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რაც, პირველ რიგში, პენსიონერების ხარჯებს ამსუბუქებს. ეს ერთგვარი დანამატია, სოციალური პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ერთიანობაში შეგვიძლია მოვიაზროთ – პენსია, საყოველთაო ჯანდაცვა, ჯანდაცვის პროგრამები და პლუს სოციალური დახმარებები. გარდა ამისა, ის პენსიონერები, რომლებიც არიან სოციალურად შეჭირვებული, დამატებით იღებენ სოციალურ დახმარებას. ჩვენ შემოვიღეთ სამი ძირითადი ელემენტისგან შემდგარი სოციალური პაკეტი. გარდა იმისა, რომ სამჯერ გავზარდეთ 2012 წელთან შედარებით პენსია, ამას დავამატეთ ჯანდაცვის პროგრამები და ამას დავამატეთ სოციალური დახმარების ოთხჯერ გამსხვილებული პაკეტი. ეს არის ის ცვლილებები, რაც განვახორციელეთ. მთლიანობაში, სოციალური ბიუჯეტი არის დაახლოებით ოთხჯერ გაზრდილი 2012 წელთან შედარებით. ამის მიღმა რომ გაგვეზარდა, ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე და ეკონომიკური ზრდა თუ მცირდება, შენ გიწევს სოციალური ხარჯების შემცირება. ეს აბსოლუტურად ირაციონალური იქნებოდა. ჩვენი თითოეული ნაბიჯი აბსოლუტურად არგუმენტებზეა დაფუძნებული. დანარჩენი, რასაც ვხედავთ დაპირებების სახით, არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ რასაც ვპირდებით საზოგადოებას, ვპირდებით მხოლოდ ისეთ რამეს, რაც არის შესრულებადი და არაფერს ამის მიღმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.